აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლობა შესთავაზა, თუმცა ტრამპმა მას რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარება ურჩია.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცახდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს გუშინ ესაუბრა.
ტრამპის თქმით, პუტინმა ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად შუამავლობა შესთავაზა.
„მან რეალურად შემომთავაზა დახმარება მედიაციაში. მე ვუპასუხე: გამიკეთე სიკეთე - ჯერ შენს ქვეყანაში ჩაერთე მედიაციაში... მე ვუთხარი: ვლადიმირ, მოდი ჯერ თავს (რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით) იშუამავლე. და ამაზე (ახლო აღმოსავლეთზე) მერე იღელვე “, - თქვა ტრამპმა.
ამავდროულად, მან გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინაში ომი „ასევე მოგვარდება“.