ჯგუფი, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად არის, დღეს ემზადება ადგილობრივი არჩევნების ჩაშლისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, როდესაც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი მინისტრი ხელს ართმევს სალომე ზურაბიშვილს „ამით ახალისებს მათ ექსტრემისტულ დღის წესრიგს“.
„დღეს ვნახეთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ერთ-ერთ ბრიტანელ მინისტრს ხელს ართმევს. ხელი რომ ჩამოართვა ბრიტანელმა მინისტრმა, იმ ადამიანის ჯგუფი დღეს ემზადება ადგილობრივი არჩევნების ჩაშლისთვის. ჩვენ გვიწერია ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მეოთხე პუნქტში, რომ მხარეებმა უნდა იმუშაონ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს. როდესაც ხელს ართმევ ადამიანს, რომელსაც აქვს ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ აღიარებს არჩევნებს, არ აღიარებს კანონებს და მომავალი არჩევნების ჩაშლაზე მუშაობს, ხელს ართმევ ასეთ ადამიანს, შესაბამისად ამით ახალისებ მათ ექსტრემისტულ დღის წესრიგს. ახლა უკვე ოფიციალურად გაცხადდა, რომ ამ დაჯგუფების მიზანი არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა, მის ლეგიტიმაციაზე თავდასხმით, ფიზიკურად თავდასხმით, თუ არ ვიცი როგორ აპირებენ ჩაშლა. ყველა, ვინც თანამშრომლობს ამ დაჯგუფებასთან, ვინც მას ფულს აძლევს, ვინც ხელს ართმევს და გარკვეულ სალონურ ურთიერთობაში შედის მასთან, აქეზებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმას და თანამონაწილეა ექსტრემისტული დღის წესრიგის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.