მზია ამაღლობელი იქცა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ყველა დაპატიმრებული ქართველის სიმბოლოდ. ერთი კვირის წინ მამაცი ქართველების წარმომადგენლები, რომლებიც 200 დღეზე მეტია, იბრძვიან ევროპული საქართველოსთვის, ევროპარლამენტში დაესწრნენ არჩევნების შესახებ ქვეკომიტეტის მოსმენებს, მაგრამ გუშინ ივანიშვილის რუსულმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა მათ წინააღმდეგ სრული სასამართლო შეტევა განახორციელა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.
„ვითარება ყოველდღიურად უარესდება. ამჟამად ჩემი გამოსვლა არ შეეხება კრემლის მეგობრებს, ამ ყველაფერზე საუბარია ჩვენ მიერ დღემდე მიღებულ იმ რეზოლუციებში. ახლა უნდა ვისაუბროთ ჩვენზე, ევროკავშირზე. არ მესმის ევროპული საბჭოს, წევრი ქვეყნებისა და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის სიჩუმე. მზია ამაღლობელი და მისი მეგობრები იმსახურებენ პატივისცემასა და დახმარებას. რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზული სანქციებია საჭირო. რეჟიმზე ზეწოლა ყველა შესაძლო გზით უნდა მოვახდინოთ და აღარ ვთხოვოთ მათ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება. ისინი არ დაბრუნდებიან, რადგან ეს რეჟიმი კრემლის ოცნებაა. მათ მოატყუეს თავიანთი ხალხი ევროკავშირისკენ სწრაფვაში. მოგვატყუეს ჩვენც ევროპარლამენტში და ევროკავშირში. მხოლოდ ახალი სამართლიანი არჩევნები დაეხმარება საქართველოს ქვეყნის უკან დაბრუნებაში. ევროკავშირის პოლიტიკური ნებაა საჭირო. საქართველოში თითქმის აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია, „სპუტნიკის“ ტიპის პროპაგანდისტული ტელეარხების გარდა. არ მესმის, რატომ არიან ისინი, ვინც ევროკავშირის მიმართ შხამს აფრქვევენ, ჯერ კიდევ აქტიურნი აქ, ევროპარლამენტში. უნდა ვიმოქმედოთ. ქართველი ხალხი მარტო არ უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.