საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, მისი პრეზიდენტობის შემდეგ საქართველოში მეტი ემიგრანტი ბრუნდება, ვიდრე ქვეყნიდან მიდის.
"მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვარ, ყველანაირი სტატისტიკით მეტი ქართველი ბრუნდება, ვიდრე მიდის საქართველოდან. თუ რამით ვამაყობ, ყველაზე მეტად ამით", - განაცხადა სააკაშვილმა პარლამეტში, წლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას.
"არა მხოლოდ ქართველები ბრუნდებიან, არამედ "ქართველების წარმომადგენლობა ფართოვდება", - განმარტა სააკაშვილმა და ამის მაგალითად, ამერიკელ მხატვარ ბაინდერთა წყვილის ოჯახი მოიყვანა, რომელიც სამ შვილთან ერთად საცხოვრებლად ამერიკიდან საქართველოში გადმოვიდა.
გარდა ამისა, ქვეყნის პირველი პირის ინფორმაციით, მცირედ, მაგრამ გაზრდილია შობადობის მაჩვენებელიც.
"ეს მნიშვნელოვანია. ეს არის დასტური იმისა, რომ შესაძლებლობა ჩვენს ირგვლივ ძალიან დიდია", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.
ქვეყნის პირველი პირი ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. ის დეპუტატებს წლიური მოხსენებით მიმართავს. პრეზიდენტის გამოსვლას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისში ვიზიტით მყოფი რუსი ჟურნალისტები ესწრებიან.