ჩემი მხრიდან დაყენებული მთავარი ამოცანა იყო სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ეს ხალხი უნდა იყოს გარეთ, თავისუფლებაზე, - ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
დოლიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ამერიკელი პარტნიორების ხშირი ჩამოსვლა.
"ამ დელეგაციაში მონაწილეობდა მარკო რუბიოს სპეციალური წარმომადგენელი. ამ შემადგენლობის ამოცანა იყო, რომ ფაქტობრივად ყველაფერი არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ჩარჩოებში იქნება განხილული, რაც აქ ითქვა, არამედ კონკრეტულად იქნება ცნობილი მარკო რუბიოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
საუბარი იყო როგორ შეიძლება წავიდეს მოვლენები, რას ფიქრობს ოპოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ჩემი მხრიდან დაყენებული მთავარი ამოცანა იყო სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ეს ხალხი უნდა იყოს გარეთ, თავისუფლებაზე. ამის შემდეგ შეიძლება დავუბრუნდეთ საქმიან განხილვას, რა შეიძლება გავაკეთოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში”, - აღნიშნა დოლიძემ.
შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები საქართველოს პარლამენტში შეხვდნენ პარტია “გახარია საქართველოსთვის”წევრებს გიორგი შარაშიძეს და პოლიტიკური საბჭოს წევრ ანა ბუჩუკურს.
როგორ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე.
ამავე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, პარტიის მიერ ინიციირებულ რეზოლუციაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე რეაგირების შესახებ, რაზეც „სამწუხაროდ, "ოცნებას" აქამდე ხმა არ ამოუღია“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციაში შედიან: პიტერ ანდრეოლი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი; ჩარლზ იოკი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში, სახელმწიფო მდივნის აპარატი.