პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის გზავნილი აქვს, რომლის გადაცემასაც G20-ის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებს.
სიკორსკის თქმით, ლავროვს იმავე გზავნილს გადასცემს, რომელიც მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკვე გაუგზავნა.
„სერგეი, უთხარი შენს ხელმძღვანელს, რომ საკმარისია, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ეს სისხლიანი ომი უკვე ხუთი წელია გრძელდება - ის უნდა შეწყდეს“, — განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კითხვაზე, მიიღო თუ არა ლავროვთან შეხვედრის მიწვევა, სიკორსკიმ უპასუხა, რომ ეს პოლონეთისთვის უხერხული ვითარებაა.
„ჩვენ გვსურს, რუსეთმა იმ კლუბების წევრივით დაიწყოს მოქცევა, რომელთა წევრიც არის და სადაც გარკვეული წესები მოქმედებს. თუ კლუბის წევრი ხარ, ჯენტლმენივით უნდა იქცეოდე, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთს ეს არ შეუძლია“, - აღნიშნა მან.
პოლონეთის მინისტრის თქმით, აშშ-ის ჯორჯიის შტატში დაგეგმილი ორდღიანი შეხვედრის მთავარი თემები საზღვაო ნაოსნობის თავისუფლება, სურსათზე ხელმისაწვდომობა და ენერგეტიკა იქნება.
„ამ სამივე საკითხზე პოლონეთს სათქმელი აქვს. ბალტიის ზღვაში ნაოსნობის თავისუფლება და უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია, ისევე როგორც ზღვის ფსკერზე არსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ის ფაქტი კი, რომ უკრაინიდან და ევროპიდან მარცვლეული ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებამდე ვერ აღწევს, ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც რუსეთის სისხლიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს“, - განაცხადა სიკორსკიმ.
როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ში ჩავიდა, სადაც „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.