გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში, სოფელ პანმუნჯომში ჩავიდა და იმედი გამოთქვა, რომ კორეა ოდესმე გაერთიანებას შეძლებს.
DW-ს ცნობით, ვიზიტის დროს ის მცირე ხნით ჩრდილოეთ კორეის მხარესაც იმყოფებოდა და სასაზღვრო ზონაში მდებარე ყაზარმებში შევიდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის კანცლერმა გერმანიის გაერთიანება გაიხსენა, რომელიც 36 წლის წინ მოხდა.
„იმედი ვიქონიოთ, რომ კორეასაც მიეცემა შანსი, ერთ დღეს სახელმწიფოებრივი ერთიანობა აღადგინოს. აქ, ამ ადგილას, ასევე ჩანს, რამდენად მძიმედ განიცდის ქვეყანა გაყოფას და რამდენად ძლიერია გაერთიანების სურვილი, ყოველ შემთხვევაში, კორეის ნახევარკუნძულის ამ ნაწილში“, - განაცხადა მერცმა.
მისივე თქმით, სეულში ვიზიტისას მას გერმანიის გაერთიანების გამოცდილების შესახებ ჰკითხეს.
მანამდე მერცმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა „მთელ ევროპაში თავისუფლებას“ უქმნის საფრთხეს, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად ჯარისკაცებს აგზავნის.
ამასთან, ცოტა ხნის წინ ევროკავშირის საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების სიაში სამი ფიზიკური და ოთხი იურიდიული პირი შეიყვანა და მათ მიმართ დამატებითი შეზღუდვები დააწესა.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა 1953 წელს, კორეის ომში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ გაიყო. მათ შორის საზღვარი კორეის ნახევარკუნძულზე გადის. ბოლო წლებში ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის კურსს გადაუხვია. ფხენიანმა კონსტიტუციიდან ამოიღო გაერთიანებისკენ მოწოდებები და სამხრეთ კორეას ოფიციალურად „მტრული სახელმწიფო“ უწოდა.