აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ ოლეშკიში (ხერსონის ოლქი) ჰუმანიტარული ოპერაციის შესახებ შეთანხმების მიღწევაში. ეს კი შესაძლოა მას ნობელის მშვიდობის პრემიის მიღებისკენ გზას უხსნიდეს, რომლის მოპოვებაზეც მისი მეუღლე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დიდი ხანია ოცნებობს. ამის შესახებ სამხედრო მიმომხილველი ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონი The Telegraph-ისთვის დაწერილ საავტორო სტატიაში წერს.
ავტორი აღნიშნავს, რომ მელანია ტრამპი უშუალოდ მუშაობდა რუსეთისა და უკრაინის ოფიციალურ პირებთან, რათა ჰუმანიტარული მისიის განხორციელება შესაძლებელი გამხდარიყო. მისი შეფასებით, ოლეშკიში მიღწეული შეთანხმება მელანია ტრამპის ადრინდელი ძალისხმევის გაგრძელებაა - ის მანამდე ომის დროს რუსეთსა და უკრაინაში ოჯახებს დაშორებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხზეც მუშაობდა.
„იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი და მისი თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი სამხედრო რიტორიკასა და ძალის დემონსტრირებას ანიჭებდნენ უპირატესობას, პირველი ლედი ჩუმად სრულიად სხვა საქმით იყო დაკავებული: ჰუმანიტარული დიპლომატიით, რომელმაც რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანა“, - წერს დე ბრეტონ-გორდონი.
მიუხედავად არსებული რისკებისა, ავტორი მიიჩნევს, რომ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შედეგია. დე ბრეტონ-გორდონის აზრით, ნობელის მშვიდობის პრემიაზე შესაძლო წარდგენის კონტექსტში ყურადღებას სწორედ მელანია ტრამპი იმსახურებს და არა მისი მეუღლე. ავტორის შეფასებით, მელანიას დიპლომატიური ძალისხმევა ჰუმანიტარული მიდგომის მნიშვნელობას აჩვენებს, განსხვავებით დონალდ ტრამპისგან, რომელიც ომების დასრულებისთვის პირადი აღიარების მოპოვებას ცდილობს.
„თუ მომავალ წელს ოსლოში მელანიას ნობელის მშვიდობის პრემიაზე კანდიდატად განიხილავენ, ეს ირონიული იქნება, რაც, ჩემი ვარაუდით, ბევრს მოეწონება. მის მეუღლეს არასდროს დაუმალავს ამ ჯილდოს მიღების სურვილი. თუმცა, შესაძლოა, ყველაზე დიდი ჯილდო, რომლის ჩამოტანაც მას სახლში შეეძლო, გაცილებით ღირებული რამ იყოს: პრეზიდენტისთვის იმის გაკვეთილის მიცემა, რომ მშვიდობა ადამიანურობის საკითხია და არა პირადი დიდების მოპოვების საშუალება“, - წერს მიმომხილველი.
ოკუპირებულ ოლეშკიში აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ჩართულობით უკრაინასა და რუსეთს შორის დროებითი ზავი ამოქმედდა. გუშინ მელანია ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ოლეშკიდან, სადაც მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა, 750-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.
უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ოლეშკიში ჰუმანიტარული მისია დასკვნით ეტაპზე გადადის.
მისი თქმით, ქალაქში საკვები, წყალი, მედიკამენტები და საავადმყოფოსთვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობა ჩაიტანეს.
„იმ ადამიანებს, რომლებმაც ოლეშკიდან გასვლაში დახმარებისთვის მოგვმართეს, დახმარება გაეწიათ. როგორც მათ, ვისაც უკრაინაში [უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორია] წასვლა სურდა, ისე მათ, ვისაც რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა უნდოდა - ყველას მიეცა ამის შესაძლებლობა“, - განაცხადა ლუბინეცმა.
ლუბინეცის თქმით, ოლეშკის გამოცდილება სხვა დასახლებებშიც უნდა გავრცელდეს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა მსგავს პირობებში იმყოფება.