უკრაინაში საფრანგეთის საელჩოში განაცხადეს, რომ რუსეთის მხრიდან კიევზე ახალი დარტყმების მუქარის მიუხედავად, ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ფრანგულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ მოსკოვის მუქარები, მათ შორის ე.წ. „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებისა“ და უცხოეთის საელჩოების მიმართ მიუღებელია და ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს.
საელჩოში ასევე განაცხადეს, რომ ასეთი განცხადებები მიუთითებს „ქაოსურ პანიკასა და ჩიხზე“, რომელშიც, მათი შეფასებით, რუსეთის აგრესიული ომი შევიდა.
ფრანგულმა მხარემ რუსეთს მოუწოდა, უარი თქვას აგრესიულ პოლიტიკაზე და დაუყოვნებლივ მიაღწიოს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
ამავდროულად, საფრანგეთის საელჩომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კიევში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის არმია თანმიმდევრულად მიიტანს იერიშებს უკრაინაში გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. უწყებამ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს აცნობა, რომ რუსეთი იწყებს დარტყმებს უკრაინაში „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“.