ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძე პარლამენტის ხელმძღვანელობას საყვედურობს, თუ რატომ არ იყო იგი ჩართული პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციებში. ამის შესახებ განცხადება თორთლაძემ ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც აღინიშნა, რომ პრეზიდენტის წლევანდელი გამოსვლა წარიმართება განსხვავებნული ფორმატით და აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები.
თორთლაძემ გააპროტესტა ის, რომ ამ კონსულტაციების შესახებ მხოლოდ ბიუროს სხდომაზე გაიგო და მისთვის აქამდე არაფერი იყო ცნობილი.
"კარგი იქნებოდა, მეც ვყოფილიყავი ამ კონსულტაციებში ჩართული, ბოლოს და ბოლოს ფრაქციის თავმჯდომარე ვარ და მასში მონაწილეობა უნდა მიმეღო", - განაცხადა თორთლაძემ.
პრეზიდენტი პარალმენტში დღეს 18:00 საათზე მივა. უკვე შეთანხმებულია გამოსვლის ფორმატიც. უმრავლესობა და უმცირესობას გამოსვლისთვის ექნება 45-45 წუთი. 15-15 წუთი _ ფრაქციებს, მაგრამ გამოსვლისთვის ცალკე დრო არ ექნებათ ვიცე-სპიკერებს. გარდა ამისა 5-წუთიან დროს მისცემენ გამოსვლისათვის დამოუკიდებელ დეპუტატ გია ცაგარეიშვილს, რომელმაც გამოსვლის უფლება პარალმენტის ხელმძღვანელობას წერილობითი ფორმით სთხოვა.