საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ანაკლიადან ყულევანმდე ტერიტორიაზე ახალი ქართული ქალაქი - ლაზიკა აშენდება.
"ჩვენ იცით, რომ მთელი მსოფლიო ზღვის მიმართულებით ვითარდება. მთავარი სავაჭრო გზები ზღვაზე გადის. ასე განვითარდა თავის დროზე კოლხიდა, აქედან წარმოიქმება ძველი მითები, რომლებიც ჩვენ გვიკავშირდება. ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ანაკლიის გაგრძელებაზე დავაფუძნოთ, ახალი დიდი ქალაქი, რომელსაც ლაზიკას დავარქმევთ. ეს დიდი ქალაქი იქნება, სადაც, ჩემი ვარაუდით, 10 წელიწადში მინიმუმ ნახევარი მილიონი მაცხოვრებელი იქნება და სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქი იქნება, თბილისის შემდეგ და მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური და კომერციული ცენტრი დასავლეთ საქართველოში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მასშტაბური ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაიწყება.
"ანაკლიის გაყოლებაზე პორტი აშენდება, გზებს გავიყვანთ, წყალგაყვანილობის სისტემებს დავამონტაჟებთ, ჭაობებს დავაშრობთ და რამდენიმე ათას ადამიანს დავასაქმებთ. ახალი ქართული ქალაქის მშენებლობაზე კონკურსს მსოფლიოს მასშტაბით გამოვაცხადებთ. ჩვენ გვჭირდება რაღაც დიდი გარღვევა, რომ სიღარიბე საერთოდ აღარ იყოს და ეს სწორედ ასეთი ნაბიჯი იქნება. რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან აზიაში და ევროპაში მოლაპარაკებები დავიწყეთ, რომ მათ აქ ინვესტიციები ჩადონ. მინდა ასევე ყველა ქართველს მოვუწოდო, ამაზე სერიოზულად იფიქრონ. მინდა, საქართველოდან წასულ ხალხს მოვუწოდო, დაბრუნდნენ და ერთად დავიწყოთ ახალი ქალაქის, საქართველოს ახალი სიამაყის შენება. ჩვენ წინ გვაქვს დიდი მშენებლობები და ძალიან თავზეხელაღებული გეგმები. ეს ჩემი ოცნება და კაპრიზი არ არის, ე სარის ის, რაზეც მუშაობა დავიწყეთ და ჩვენ რასაც ვამბობთ, ყოველთვის ვაკეთებთ", - განაცხადა სააკაშვილმა.