მედიის ცნობით, დნიპროსა და დნიპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის მიერ დღეს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, 279 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებს შორის 27 ბავშვია.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობებით, 12 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
რეგიონული ადმინისტრაციის ცნობით, დარტყმების შედეგად რეგიონულ ცენტრში საცხოვრებელს კვარტლებსა და სოციალურ დაწესებულებები ზიანი მიადგა: დაზიანდა 46 მრავალსართულიანი შენობა, 41 კერძო სახლი, რამდენიმე საერთო საცხოვრებელი, ადმინისტრაციული შენობები, სამედიცინო დაწესებულებები, ბენზინგასამართი სადგური და საცალო ვაჭრობის ობიექტები; ასზე მეტი მანქანა დაიწვა ან განადგურდა.
რაკეტის ნამსხვრევებმა სერიოზულად დააზიანა სამგზავრო მატარებელი, მისი მგზავრები დაშავდნენ. ადგილზე ათობით მაშველი და ყველა სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობს, მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ რუსეთი ბალისტიკური რაკეტებს და სხვადასხვა იარაღს სხვა ქვეყნებიდან ჩასული კომპონენტების გარეშე ვერ აწარმოებს, ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შეიზღუდოს სქემები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას მის თანაშემწეებთან აკავშირებს.
„მიმდინარეობს ნანგრევებისგან გაწმენდითი სამუშაოები, ამიტომ, სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. ვუსამძიმრებ ყველა ნათესავსა და მეგობარს.
ეს დარტყმა შეეხო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მრავალ ობიექტს: საცხოვრებელ შენობებს, სკოლებს, თუნდაც ჩვეულებრივ სამგზავრო მატარებელს.
მატარებელში 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ხუთი ვაგონი დაზიანდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა.
ყველა დაზარალებულს სამედიცინო დახმარება გაეწია. ეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან სიცოცხლისთვის კიდევ ერთი დარტყმაა. რუსეთს არ შეუძლია ბალისტიკური რაკეტების წარმოება სხვა ქვეყნებიდან ჩასული კომპონენტების გარეშე.
მას ასევე არ შეუძლია ასობით სხვა სახის იარაღის წარმოება კომპონენტების, აღჭურვილობისა და ექსპერტიზის გარეშე, რაც მოსკოვის ამ შეშლილ რეჟიმს თავად არ გააჩნია.
სწორედ ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შეიზღუდოს სქემები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას მის თანაშემწეებთან აკავშირებს. აუცილებელია სანქციებზე ზეწოლის მნიშვნელოვნად გაზრდა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.