თურქეთში, სტამბოლში, ცნობილი ადამიანების მონაწილეობით მიმდინარე ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში პოლიციამ 23 პირი დააკავა, მათ შორის მომღერალი და მსახიობი ოზჯან დენიზი და მსახიობები დენიზ ჩაქირი და ბურჯუ ოზბერქი.
Euronews-ის ცნობით, სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ სულ 35 პირის დაკავების ორდერი გასცა. ამ დროისთვის 23 მათგანია დაკავებული, დანარჩენი 12 პირის ძებნა კი გრძელდება.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებას სტამბოლის მთავარი პროკურატურის კონტრაბანდის, ნარკოტიკებისა და ეკონომიკური დანაშაულების საგამოძიებო განყოფილება აწარმოებს. საქმე ეხება პროსტიტუციას, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციასა და მიწოდებას, ასევე ნარკოტიკების მოხმარებასა და უკანონო ფლობას.
უწყების განცხადებით, 35 პირის დაკავების გადაწყვეტილება მიღებულია ეჭვმიტანილთა ჩვენებების, მოწმეების გამოკითხვის, ამოღებული მობილური ტელეფონებისა და ციფრული მასალების ექსპერტიზის, აგრეთვე ფარული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე.
პროკურატურის განმარტებით, უშუალოდ ამ 35 პირის მიმართ დაკავების ორდერები ნარკოტიკული ნივთიერებების შესაძლო მოხმარების ან ფლობის ბრალდების საფუძველზე გაიცა. გამოძიება გრძელდება.