რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, მინსკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
"შეთანხმდა, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგი ახალი ფორმატით და რეგულარულად დაიწყება", - განაცხადა მან.
გალუზინმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე კმაყოფილია მოლაპარაკებების შედეგებით.
მინისტრის მოადგილის თქმით, შეხვედრაზე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პოტენციალი ორმხრივი ინტერესის სფეროებში პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოებისთვის.
"რუსულმა მხარემ ისაუბრა იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ფართო ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო და ღვინის პროდუქტების მიწოდების შემდგომი გაზრდის სტიმულირებისკენ. ქართული მხარის ინიციატივით კი შეთანხმება მიღწეულია საავტომობილო გადაზიდვებზე დამატებითი ნებართვების გაცემის შესახებ", - განაცხადა მან
"მონაწილეებმა მიესალმნენ ვაჭრობასა და ტურიზმში არსებულ სტაბილურ და პოზიტიურ დინამიკას, რაც ორმხრივი ურთიერთობების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს", - დასძინა მან.
გალუზინმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე საერთაშორისო საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
"ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, თანდათანობით დაამყარონ კავშირები კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროში და გააძლიერონ ხალხებს შორის კონტაქტები", - დასძინა მან.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბელარუს კოლეგებს რუსეთ-საქართველოს შეხვედრის მაღალი დონის ორგანიზებისთვის.
მიხეილ გალუზინმა და გიორგი ზურაბაშვილმა მინსკში პირველი მოლაპარაკებები 19 ნოემბერს გამართეს.