უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მომზადების პროცესში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა ჩაერთვება, თუმცა უშუალოდ მოლაპარაკებებში რვა წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის განმარტებით, ევროპულ მხარეს წარმოადგენენ საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია, ასევე ევროპული საბჭო, ევროკომისია და ნატო.
მისი თქმით, ეს წარმომადგენლები ევროპულ საერთო დღის წესრიგს წარადგენენ, რომლის შემუშავებაშიც წინასწარ ჩაერთვებიან ევროკავშირის ყველა დაინტერესებული ქვეყანა და უკრაინა.
„ჩვენი ძლიერი პარტნიორები, მაგალითად, ბალტიის ქვეყნები, ყველა ერთად, უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობით განიხილავს დღის წესრიგს. ამის შემდეგ კი შერჩეული წარმომადგენლები ევროპის საერთო დღის წესრიგს წარადგენენ. მიმაჩნია, რომ ევროპის მონაწილეობა სწორია, რადგან მომავალში ჩვენ ევროკავშირის ნაწილი ვიქნებით. ომი უკრაინაშიც გრძელდება და ევროპაშიც, შესაბამისად, ევროპა მოლაპარაკებების პროცესში უნდა იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობას მხარს უჭერს აშშ-ც. მისივე თქმით, ამერიკული მხარის ცნობით, რუსეთი ევროპის ჩართულობის წინააღმდეგი არ არის .