უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ დეკემბერში, მაიამიში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის ფარგლებში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა გაიმართოს.
ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, არაერთმა მსოფლიო ლიდერმა ამერიკულ მხარეს უკრაინისთვის სამიტზე ოფიციალური მიწვევის გაგზავნისკენ უკვე მოუწოდა, თუმცა კიევს ვაშინგტონისგან მოწვევა ჯერ არ მიუღია.
„თუ დაგვპატიჟებენ, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ. შესაძლებელია თუ არა G20-ის ფარგლებში ასეთი სამმხრივი შეხვედრის გამართვა? დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიეწვია, აშშ-ის კონგრესის ზოგიერთი წევრის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. თუმცა, მისი შეფასებით, უკრაინის მონაწილეობით სამმხრივ შეხვედრას შესაძლოა მხარდაჭერა ჰქონდეს.
ზელენსკის თქმით, თუ დონალდ ტრამპი უკრაინას G20-ის სამიტზე მიიწვევს, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრას საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება.
„ვფიქრობ, თუ ტრამპი უკრაინას მიიწვევს, ეს ვითარებას გარკვეულწილად შეცვლის, რადგან G20-ის ფარგლებში სამმხრივ შეხვედრას მხარს დაუჭერენ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ არის განწყობილი პუტინის მიმართ, უყვარს თუ არა, მეგობრობს თუ არა მასთან - თუ G20-ის ფარგლებში ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა იქნება, დარწმუნებული ვარ, ამას ყველა მხარს დაუჭერს“, — განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამჟამად უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი სამიტის ორგანიზების საკითხი განიხილება. თავდაპირველად უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებმა რამდენიმე შეხვედრა და კონსულტაცია უნდა გამართონ, რათა შეხვედრის დღის წესრიგი და შესაძლო შედეგები მოამზადონ.
ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის და სად შეიძლება გაიმართოს სამიტი.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბერლინში გამართული შეხვედრის დროს ამერიკულმა მხარემ გამოთქვა სურვილი, შეთანხმებას შობამდე მიაღწიონ.
„მათ ვუთხარი: შობამდე - რა თქმა უნდა. თუ უფრო ადრე შევძლებთ, მაშინ უფრო ადრე გავაკეთოთ. რაც უფრო მალე მივაღწევთ რაიმე შედეგს, მით უფრო მეტ ადამიანს გადავარჩენთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუტინი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვია. რუსეთის პრეზიდენტს მიწვევაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. უკრაინას კი ვაშინგტონისგან ოფიციალური მოწვევა ამ დრომდე არ მიუღია.