გერმანია უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესაძენად 300 მილიონ დოლარს გამოყოფს. დახმარება მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტებსაც. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
განცხადება ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე გაკეთდა.
„ამჯერად 300 მილიონ დოლარს გამოვყოფთ. დახმარების პაკეტი საჰაერო თავდაცვაზეა ორიენტირებული და, კერძოდ, მოიცავს Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილ მართვად რაკეტებს, მათ შორის PAC-2 და PAC-3 მოდიფიკაციებს“, - განაცხადა პისტორიუსმა.
მისი თქმით, PURL-ის ფარგლებში მორიგი დახმარების პაკეტის ფორმირებაში გერმანიასთან ერთად ნორვეგიაც მიიღებს მონაწილეობას.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, PURL-ის ინიციატივა აშშ-ისგან ისეთი შეიარაღების შესყიდვის შესაძლებლობას იძლევა, რომლის შეძენაც ევროპაში შეუძლებელია. ეს უკვე მეხუთე დახმარების პაკეტია PURL-ის ფარგლებში, რომლის ფორმირებაშიც გერმანია მონაწილეობს.
გარდა ამისა, გერმანია უკრაინას ადრე დაპირებულ IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ახალ რადარებს, F-16 ტიპის გამანადგურებლებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალასა და უპილოტო საფრენ აპარატებსაც გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს უკრაინამ ევროკავშირისგან Ukraine Support Loan-ის პროგრამის ფარგლებში 1.71 მილიარდი ევრო მიიღო. თანხა განკუთვნილია დრონების, საბრძოლო მასალის, ადრეული გაფრთხილების რადარებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო რაკეტების შესაძენად.