„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესს აგებს და ცდილობს, რომ ეს ყველაფერი საკუთარი პროპაგანდის საშუალებით გადაფაროს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
„ობიექტური შემფასებლისთვის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში თვალს ადევნებს პროცესს, ეს იქნება კითხვა-პასუხი თუ ბრალდების წარდგენის და მოპასუხის ნაწილი, ფაქტია, რომ ხელისუფლება აგებს. „ოცნება“ ამ პროცესს აგებს და ცდილობს, რომ ეს ყველაფერი საკუთარი პროპაგანდის საშუალებით გადაფაროს. ამის ერთ-ერთი დადასტურება იყო ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საერთოდ უარი თქვა თუნდაც მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე. რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რადგან თუ მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მხრიდან იქნებოდა მტკიცებულებები წარდგენილი, უკვე ობიექტურ შემფასებელს დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემდა. სამწუხაროდ, ამაზე უარი ითქვა და, ფაქტობრივად, ხელი შეეწყო „ოცნების“ ნარატივს და პროპაგანდას. ჩვენ ამ სარჩელში ხელოვნურად და დაჩქარებულად ვართ ჩამატებული. საზოგადოება ბრალდებებს ნათლად ხედავს, რომლებიც მტკიცებულებების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.