უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მომავალ მოლაპარაკებებზე ევროპას ევროკავშირის ინსტიტუტები, ასევე გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი წარმოადგენენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ დუბლინში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოშტას განცხადებით, ევროკავშირის პოზიცია მკაფიოა: ევროპის უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებით იწყება. მისი თქმით, ევროკავშირი მიესალმება ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას ისახავს მიზნად.
„ჩვენ ყველანაირად ვუჭერთ მხარს ამ პროცესს და იმედი გვაქვს, რომ ის კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს. დღეს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებზე ჩვენს ევროპულ გუნდს ევროკავშირის ინსტიტუტები და გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი წარმოადგენენ“, - განაცხადა კოშტამ.
მისივე თქმით, ევროკავშირის პრინციპები და პოზიციები ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი, ხოლო ევროპული გუნდი მჭიდრო კოორდინაციასა და სრულ ერთიანობას შეინარჩუნებს.
„ევროპამ მკაფიო და ერთიანი ხმით უნდა ილაპარაკოს ყველა იმ დისკუსიაში, რომელიც უკრაინის მომავალსა და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას განსაზღვრავს“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.