პოლონეთში რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობისა და დივერსიების მომზადების ბრალდებით ორი უკრაინელი დააკავეს.
პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ 24 და 25 წლის უკრაინის მოქალაქეები ქვეყნის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში დააკავა.
პოლონეთის სპეცსამსახურების კოორდინატორის, ტომაშ სიმონიაკის განცხადებით, დაკავებულებს სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით დივერსიული საქმიანობის განხორციელებაში ედებათ ბრალი.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ისინი ავტომობილებს ცეცხლს უკიდებდნენ. გამოძიების ვერსიით, მანამდე ეჭვმიტანილები მანქანების სანომრე ნიშნებს ცვლიდნენ და მათ ნაცვლად უკრაინის არმიის კუთვნილ ავტომობილებზე გამოყენებული ნომრების მსგავსი ნიშნები ჰქონდათ დამონტაჟებული.
პოლონეთის პროკურატურის განცხადებით, ამგვარი ქმედების მიზანი შესაძლოა მომხდარში უკრაინული მხარის დადანაშაულება და ქვეყანაში ანტიუკრაინული განწყობების გაღვივება ყოფილიყო. სამართალდამცველების ცნობით, დავალებების შესრულებისთვის დაკავებულები ანაზღაურებას, მათ შორის კრიპტოვალუტით, იღებდნენ.
„ამ ნაბიჯის მიზანი შესაძლოა მოვლენების რეალური გარემოებების დადგენის გართულება ყოფილიყო და, უპირველეს ყოვლისა, ეჭვის უკრაინული მხარისკენ მიმართვა, რაც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინათ“, - განმარტა სემონიაკმა.
დაკისრებული დავალებების შესრულებისთვის ისინი ანაზღაურებას იღებდნენ, მათ შორის კრიპტოვალუტით.
ორივე დაკავებულს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ შესაძლოა 10 წლიდან უვადო პატიმრობა ემუქრება.