„ოცნება“ პრინციპით „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება“, ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და ამომრჩეველი მოატყუოს, თითქოს საქართველოსთან ურთიერთობა თავად ევროკავშირს არ სურს, - ამის შესახებ ეს ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„როგორ რეაგირებს „ოცნება“? - ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა აიღოს და მდგომარეობის გამოსწორების გზებზე ისაუბროს, კვლავ ევროკავშირის ლანძღვა–გინებასა და მტრულ რიტორიკას აგრძელებს, თავს ესხმის ევროკავშირის ელჩს, ევროპელ ლიდერებს, თითქოს მათი ბრალი იყოს ის, რომ „ოცნება“ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობს. თითქოს ევროკავშირის ბრალი იყოს, რომ „ოცნებამ“ ნაცვლად იმისა, რომ კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებები შეესრულებინა, გადაედგა ნაბიჯები ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად და გაწევრიანების კრიტერიუმების შესასრულებლად, სრულიად საპირისპიროს აკეთებს – ფეხქვეშ თელავს დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, იღებს რეპრესიულ კანონებს, ანადგურებს სამოქალაქო საზოგადოებას და ახლა უკვე ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის აკრძალვით ქვეყანა ერთპარტიულ დიქტატურაში გადაჰყავს! ხალხს კი ტყუილებით კვებავს და პრინციპით „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო“ ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას და საკუთარი ამომრჩეველი, რომელთა დიდი ნაწილი ასევე ევროპული მომავლის მომხრეა, მოატყუოს, თითქოს „ოცნება“ კი ძალიან ცდილობს, მაგრამ თავად ევროკავშირს არ სურს საქართველოსთან ურთიერთობა“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შარაშიძის თქმით, ტყუილია, თითქოს საქართველოს გაწევრიანების პროცესი 2024 წლის ივნისში ევროკავშირმა შეაჩერა.
„თუ ასე იყო, რატომ არ აუხსენით მაშინვე საზოგადოებას? რატომ ჩაატარეთ საპარლამენტო არჩვენების კამპანია ევროპისკენ სვლის ყალბი დაპირებით და რატომ არ აუხსენით ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს, ვინც ქუჩაში აპროტესტებდა ირაკლი კობახიძის ანტიევროპულ განცხადებას, რომ საქართველო არაფერ შუაში იყო და ირაკლი კობახიძეს და „ოცნებას“ კი არა, თავად ევროკავშირს შეუჩერებია საქართველოს ინტეგრაციის პროცესი"- განაცხადა შარაშიძემ.
მისი თქმით, როცა ვალდებულებებს თუ არ ასრულებ და სრულიად საპირისპიროს აკეთებ, ბუნებრივია, პროცესი თავისთავად ჩერდება და წინ აღარ მიდის.
"ტყუილია ისიც, თითქოს ევროკავშირს უსამართლო დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ. დიდი ბოდიში და რა არის უსამართლო?! არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი რომ აღარ არის დამოუკიდებელი, რის გამოც სრულიად მოშლილია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და აღარ არსებობს კონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმი, ეს არის უსამართლო დამოკიდებულება და ტყუილი?! ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის სასამართლოს სამართლიანად რომ არ აღიარებს ევროკავშირი, ეს არის უსამართლო დამოკიდებულება?!
სიმართლე ისაა, რომ ანტიევროპული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მიღებული გაქვთ, მაგრამ ამომრჩევლის დაკარგვის შიშით ვერ ბედავთ მის გამხელას და ჯერ კიდევ აჯერებთ ხალხს, თითქოს მხოლოდ ევროპული ბიუროკრატია გიშლით ხელს და ამ ბიუროკრატების შეცვლის შემდეგ კვლავ გააგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს!, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.