პარტნიორების საერთო მიზანია პრაქტიკული და ურთიერთშემავსებელი უსაფრთხოების ჩარჩოს შემუშავება, რომელიც გააძლიერებს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას და შექმნის მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მისაღწევად აუცილებელ ნდობას, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, აშშ-ისა და ნატო-ს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.
როგორც ცნობილია, დღეს, აბუ-დაბიში, რუსეთ-უკრაინა-აშშ-ის სამმხრივი შეხვედრის წინ ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, აშშ-ისა და ნატო-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
"რუსეთთან დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების წინ, ევროპელი პარტნიორების, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რათა გაეგრძელებინათ მჭიდრო კოორდინაცია უკრაინაში ომის დასრულებისა და მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებზე. მათ შორის განიხილეს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა.
ევროპელ პარტნიორებს, უკრაინასა და აშშ-ს შორის დისკუსია თანამშრომლობის სულისკვეთებით წარიმართა და საერთო მიზნები, მიმდინარე კონსულტაციები და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულება ასახა. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების პრინციპების პატივისცემას და უკრაინისთვის სანდო უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებდეს.
მხარეთა საერთო მიზანია პრაქტიკული და ურთიერთშემავსებელი უსაფრთხოების ჩარჩოს შემუშავება, რომელიც გააძლიერებს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას და შექმნის მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მისაღწევად აუცილებელ ნდობას.
მდგრადი მშვიდობის დამყარების გარდა, შეხვედრაზე განიხილეს, როგორ შეიძლება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ არსებული ევროპული უსაფრთხოების ინსტიტუტებისა და შეთანხმებების გაძლიერება. მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ომის შემდგომი უსაფრთხოების საკითხების მოგვარება და კონფლიქტის განახლების რისკის შემცირება აუცილებელია.
მხარეებმა იმსჯელეს რისკების მართვისა და სახიფათო ესკალაციის თავიდან აცილების მყარი მექანიზმების შექმნაზე. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ომის შემდგომი ევროპის უსაფრთხოების მტკიცე არქიტექტურისა და შესაბამისი შეთანხმებების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნატო კვლავაც ცენტრალურ როლს შეასრულებს ევროატლანტიკურ კოლექტიურ თავდაცვაში.
ევროპელი პარტნიორები, უკრაინა და აშშ მოლაპარაკებების პროცესის განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ. მათი საერთო მიზანია, პროცესი ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით უფრო ფართო, მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე გადავოდეს და ყოვლისმომცველ და მდგრად მშვიდობას მიაღწიონ", - აღნიშნულია განცხადებაში.