გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მცენარეთა ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით საერთაშორისო შეფასება წარმატებით გაიარა. ლაბორატორიამ ყველა შეფასების კრიტერიუმში 100%-იანი შედეგი მიიღო.
2026 წელს ჩატარებული ლაბორატორიათაშორისი შედარება ვაშლის მოზაიკის ვირუსისა და ქლიავის ჩოფურა ვირუსის ELISA მეთოდით გამოვლენას ეხებოდა.
შედარება ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობისა და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩეხეთის მცენარეთა მავნებლების დიაგნოსტიკის ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის მონაწილეობით ჩატარდა.
შეფასების ფარგლებში შემოწმდა კვლევის შედეგების სიზუსტე, მგრძნობელობა და სპეციფიკურობა. სამივე კრიტერიუმში ლაბორატორიამ უმაღლესი, 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა.
მიღებული შედეგი ადასტურებს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მცენარეთა ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკა საერთაშორისო შედარების მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. ეს ლაბორატორიის პროფესიული კომპეტენციისა და კვლევების ხარისხის მნიშვნელოვანი დასტურია.
ლაბორატორიათაშორის შედარებებში მონაწილეობა კვლევების ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. ის ლაბორატორიებს შესაძლებლობას აძლევს, შეამოწმონ კვლევის შედეგების სიზუსტე და სანდოობა, ასევე შეაფასონ გამოყენებული მეთოდებისა და ხარისხის მართვის სისტემების ეფექტიანობა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი 100-ზე მეტი სახეობის ლაბორატორიულ კვლევას ატარებს. აღნიშნული კვლევები ხელს უწყობს მცენარეთა დაავადებებისა და მავნე ორგანიზმების დროულ გამოვლენას, მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვასა და აგროსექტორში არსებული რისკების შემცირებას.