„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, დაჯი კოვზირიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, მოქალაქეთა სოციალური პრობლემები უყურადღებოდ დატოვა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ცხოვრების გაძვირებაზე, პენსიებსა და ხელფასებზე, აზარტული თამაშების პრობლემასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე.
„მინდა, ყველამ კარგად მოისმინოს აქ თეთრ სავარძლებში თვითკმაყოფილებმა: ისტორიის არმცოდნეებმა ნუ გგონიათ, რომ ეს დაუსჯელი დარჩება! თქვენი უსასრულო აღვირახსნილობის პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ. მალე მოვა დრო, როდესაც თითოეული უკანონობისთვის, თითოეული მოპარული ხმისთვის, თითოეული გაღატაკებული ოჯახისთვის, მშიერი ბავშვისთვის, მშიერი პენსიონერისთვის მკაცრი პერსონალური პასუხისმგებლობის ჯერი დადგება! და როცა დადგება თქვენი პასუხისმგებლობის დრო, იქ იმ ბოლო სერიაში ბატონი ივანიშვილი არ იქნება და მაშინ ვნახავთ „ოცნების“ მაღალჩინოსნების ნამდვილ სახეს, თქვენი კორუმპირებული და დანაშაულებრივი სისტემის პოლიტიკურ არმაგედონს,“ - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოვზირიძემ.