აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეთანხმდა, რომ ვაშინგტონი მიმდინარე წლის ბოლოს ისრაელისთვის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გამოყოფას შეწყვეტს.
„რაც შეეხება ისრაელის დაფინანსებას, მე და ბიბი ნეთანიაჰუ შევთანხმდით, რომ ისრაელს ყოველწლიურად 4 მილიარდ დოლარს გამოვუყოფდით, თუმცა რამდენიმე თვის წინ შევთანხმდით, რომ დაფინანსებას შევწყვეტდით", - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, შეთანხმების თანახმად, აშშ ისრაელს მიმდინარე წლის ბოლომდე თანხებს აღარ გადაურიცხავს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაუწევს.
ტრამპის განცხადებით, ისრაელს ეს დაფინანსება აღარ სჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი დემოკრატი და მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი აშშ-ის მიერ ისრაელის ფინანსურ მხარდაჭერას რესპუბლიკელების გასაკრიტიკებლად იყენებს.
ამასთან, არსებული შეთანხმების თანახმად, აშშ ისრაელს ყოველწლიურად 3.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს. ორ ქვეყანას შორის 2016 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი 2028 წლამდე მოქმედებს. ამჟამად მხარეები 2028 წლის შემდეგ ამერიკული დახმარების ფორმატზე მსჯელობენ.
ისრაელის მიმართ ამერიკელების საზოგადოებრივი მხარდაჭერა 2023 წელს ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ შემცირდა, განსაკუთრებით დემოკრატ ამომრჩევლებში. ქუინიპიაკის უნივერსიტეტის ივნისის გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 48% და დემოკრატების 66% მიიჩნევს, რომ აშშ ისრაელს ზედმეტად უჭერს მხარს.
შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან აშშ-ის ომი შესაძლოა მალე დასრულდე.
ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა სპარსეთის ყურის რამდენიმე არაბულ ქვეყანას ირანის წინააღმდეგ შესაძლო ხანმოკლე და ინტენსიური სამხედრო კამპანიისთვის მზადების აუცილებლობის შესახებ აცნობა. The New York Times-ის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო უწყებებმა არჩევნების შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების კონკრეტული გეგმებიც შეიმუშავეს.