გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპულმა სახელმწიფოებმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, რადგან მათი ჩართულობის გარეშე ომის დასრულების საკვანძო საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელია.
ამის შესახებ მერცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მერცის თქმით, ოლეშკიში მიღწეული ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და შავ ზღვაში თავდასხმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებებისთვის მაგალითი გახდეს. თუმცა, მისი განცხადებით, რუსეთი აქამდე ამ ძალისხმევას ხელს უშლიდა.
„სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი სწორი ნაბიჯია. ევროპას ამ პროცესში მონაწილეობა სურს და უნდა მონაწილეობდეს კიდეც. სამშვიდობო მოგვარების საკვანძო საკითხებია სანქციები და უსაფრთხოების არქიტექტურა. მათი გადაწყვეტა ჩვენი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს ყველა მხარეს ესმის“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მერცის განცხადებით, ახლა რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არის.