უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის აზრს ვერ ხედავს, რადგან ასეთი საუბრის დროს, კვლავ ისტორიის შესახებ ლექციების მოსმენა მოუწევს და არა ომის დასრულების რეალური გზების განხილვა.
ამის შესახებ ზელენსკიმ 3 ნოემბერს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან პუტინთან შესაძლო სატელეფონო საუბრისა და შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„სატელეფონო საუბარი ძალიან ოფიციალური და მშრალი იქნება. კიდევ ერთხელ მომიწევს რუსეთის ლიდერისგან ისტორიული ლექციის მოსმენა და არა იმის განხილვა, თუ რა რეალური ნაბიჯებით შეიძლება ომის დასრულება. ამაზე უბრალოდ საუბარი კი არა, საჭიროა დაჯდომა, შეთანხმება და იმის დასაბუთება, თუ რატომ არ არის მეორე მხარის პოზიცია სწორი, რადგან ის აგრესორია. თუ ომის დასრულება გვინდა, უნდა შევხვდეთ და პირველი ნაბიჯი გადავდგათ - ცეცხლი შევწყვიტოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რაც შეეხება რუსეთის მიწვევას მოსკოვში, უკრაინის პრეზიდენტმა მას „სახეში შეფურთხება“ უწოდა ყველასთვის, ვისაც მშვიდობა სურს.
„ჩვენ პუტინს კიევში არ ვიწვევთ. ჯერ ერთი, 2022 წელს ისინი ჩვენთან მოწვევის გარეშე მოვიდნენ. მეორეც, პუტინის კიევში მოწვევას აზრი არ აქვს, რადგან ისინი არ ჩამოვლენ. მათი არჩამოსვლის მიზნით მიწვევა დესტრუქციულია. ისევე, როგორც დესტრუქციულია ჩემი მიწვევა მოსკოვში, რასაც რუსეთი აკეთებს. ეს უბრალოდ სახეში შეფურთხებაა მთელი მსოფლიოსთვის, რომელსაც ომის დასრულება სურს. ამიტომ მოსკოვში ჩემს გამგზავრებას არავინ დაუჭერს მხარს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯის გადადგმა შეხვედრის გარეშეც შესაძლებელია.
ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა შეხვედრის გარეშეც შესაძლებელია, თუკი ამის სურვილი რუსეთის მხრიდანაც იქნება, თუმცა, მისი თქმით, კიევი მოსკოვის მხრიდან ასეთ მზაობას ვერ ხედავს.
„ცეცხლის შეწყვეტა შეხვედრის გარეშეც შესაძლებელია, რუსეთის მხრიდან ამის სურვილი რომ არსებობდეს. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. მათ დიალოგი ამა თუ იმ ფორმატში სურთ. ისინი სამმხრივ ფორმატს გვთავაზობენ. თუ ეს დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯებია, მაშინ დიახ - შეგვიძლია სამმხრივ ფორმატში შევხვდეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ უკრაინა სამშვიდობო საკითხებზე გამართულ ყველა შეხვედრაში ევროპის მონაწილეობას ყოველთვის მხარს უჭერს.
„მაშინაც კი, როდესაც საუბარია უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივ მოლაპარაკებებზე, ევროპა იქაც ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობს, რადგან ევროპის გარეშე არაფერი გამოვა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.