უკრაინის მომლაპარაკებელთა დელეგაცია მიმდინარე კვირაში აშშ-ს ეწვევა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ უკრაინის პოზიციას გადასცემს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხთა სახელმწიფო მდივან ედ მილიბენდთან ერთად, ჩერნიჰივის ოლქის ქალაქ პრილუკში, რუსეთის მიერ საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის ადგილზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა აშშ-ისგან ელოდება როგორც სანქციების, ისე სხვა ზომების საშუალებით რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებას, ასევე უკრაინის ფინანსურ და საჰაერო თავდაცვის სფეროში დახმარების გაზრდას.
„საჰაერო თავდაცვის კომპონენტის გარდა, რომელიც გვაკლია - უკრაინა დიდი ქვეყანაა და რაკეტები ყველგან აღწევს, რა თქმა უნდა, გვინდა ყურადღება გავამახვილოთ მოლაპარაკებების მიმართულებაზეც. ჩვენი აზრით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციებისა და სხვა ზომების გამოყენებით ზეწოლა უნდა გააძლიეროს, ასევე უნდა გაიზარდოს ფინანსური დახმარება და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სფეროში დახმარება. ასეთი ნაბიჯებით პუტინს უნდა გაეგზავნოს მკაფიო სიგნალი და მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა უნდა აიძულონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ყველა საერთაშორისო პარტნიორს გადასცემს სიგნალს ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ.
„ჩვენ სიგნალებს ყველა ჩვენს პარტნიორს ვუგზავნით, მათ შორის დიდ ბრიტანეთსაც. მადლობას ვუხდით საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის. ეს ნომერ პირველი ამოცანაა. ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. გარდა ჩვენი წარმოებისა, ჩვენ გვჭირდება პარტნიორების დახმარებაც“, - განაცხადა ზელენსკიმ.