23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 23 ნოემბერი წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეა, 6 მაისი კი - წმინდანის აღსრულების დღე.
წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
საეკლესიო სწავლებით, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა.