საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა ეკლესიის გადასაწყვეტია. ამ პროცესში ნებისმიერი პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა დაუშვებელია და ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევის მაგალითია, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „ახალი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო და ეკლესია გადაწყვეტილებებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა იღებდნენ.
„საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განსაზღვრავს: ქართული ეკლესია დამოუკიდებელი და თავისუფალია საკუთარ გადაწყვეტილებებში, ხოლო სახელმწიფო არ ერევა მის საქმიანობაში.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა ეკლესიის გადასაწყვეტია. ამ პროცესში ნებისმიერი პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა, რისი ნიშნებიც ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ რეჟიმისა და მისი პროპაგანდისტების მხრიდან ვიხილეთ, დაუშვებელია და ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევის მაგალითია.
სახელმწიფო და ეკლესია გადაწყვეტილებებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა იღებდნენ. ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების ხალხისთვის დაბრუნების შემდეგ, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ამ გამიჯვნის მკაცრი დაცვა და განმტკიცება იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.