ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რო რუსეთი ირანს სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების განხორციელებაში ეხმარება. ამის შესახებ Politico წერს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო მონაცემებით ეხმარება, რათა დარტყმები მიიტანოს ამერიკელებზე და დახოცოს ამერიკელები. რუსეთი ასევე ირანს დრონებით ამარაგებს, რათა მან მეზობელ ქვეყნებსა და აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა შეძლოს“, - განუცხადა კალასმა ჟურნალისტებს G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს.
Politico აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე სამხედრო დარტყმები დაიწყეს, 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
კალასის თქმით, რუსეთის მხარდაჭერა ირანის მიმართ აჩვენებს, თუ რატომ უნდა გააგრძელოს ევროპამ კრემლზე ზეწოლა უკრაინაში ომთან დაკავშირებით.
„თუ ამერიკას სურს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი დასრულდეს, თუ მას სურს, რომ ირანმა შეწყვიტოს მათზე თავდასხმა, მან ასევე უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მან ვერ შეძლოს მათთვის დახმარება“, - განაცხადა კალასმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი მზადაა მხარი დაუჭიროს ირანში სამშვიდობო ძალისხმევას, თუმცა აღნიშნა, რომ კონფლიქტიდან გამოსვლის მკაფიო სტრატეგიას ვერ ხედავს.
„ირანში კონფლიქტი რეგიონში არასტაბილურობის გაზრდისა და გამწვავების მართლაც უზარმაზარ რისკს ქმნის და ეს, როგორც ისტორიიდან ვიცით, ყოველთვის გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე“, - აღნიშნა ბორის პისტორიუსმა.