ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ დარტყმებს ხალხის წინააღმდეგ ტერორი უწოდა. ამის შესახებ ბრაჟე Х-ზე წერს.
ლატვიის პირველი დიპლომატის თქმით, კრემლის ქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ ტერორისტულ აქტს, რომლის მიზანია ზამთარში ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნა.
„რუსეთი თავს დაესხა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებსა და ძირითად ქვესადგურებს, რამაც გავლენა მოახდინა ატომური ენერგიის წარმოებაზე... ეს არის ტერორი უკრაინის ხალხის წინააღმდეგ, მათი უმოწყალოდ გაყინვა“, - წერს მინისტრი.
ბრაჟემ განაცხადა, რომ ლატვია უკრაინას ახალ დახმარებას უგზავნის და რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებას ემხრობა.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორი მთელ ევროპის კონტინენტს ბირთვული ავარიის საფრთხის წინაშე აყენებს.