რუსეთმა “ორეშნიკის” კომპლექსის გამოყენებით, ღამით უკრაინაში არსებულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
„რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში კრიტიკული სამიზნეების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმა განახორციელეს შორი რადიუსის, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების ზუსტი იარაღის გამოყენებით, მათ შორის „ორეშნიკის“ საშუალო რადიუსის მობილური სახმელეთო სარაკეტო სისტემის, ასევე სადესანტო დრონების გამოყენებით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ იერიში იყო 2025 წლის 29 დეკემბრის ღამეს უკრაინის მიერ ნოვგოროდის ოლქში მდებარე ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე თითქოსდა განხორციელებულ თავდასხმაზე.
უკრაინული მხარის განცახდებით, 9 იანვრის ღამეს, რუსეთმა, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად დაარტყა ლვოვს ბალისტიკური რაკეტით, რომელიც საათში 13 000 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლვოვის წინააღმდეგ ამ ტიპის თავდასხმა სრულმასშტაბიანი ომის დროს განხორციელდა. ქალაქი ევროკავშირის საზღვრიდან 70 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს. ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ნათელი სიგნალია: რუსეთის ომი არანაირ საზღვართან არ ჩერდება“, - განაცხადა ლვოვის მერმა ანდრიი სადოვიმ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის განცხადებაზე, რომ „ორეშნიკით“ დარტყმა იყო „შურისძიება“ რუსი დიქტატორის რეზიდენციაზე განხორციელებული გამოგონილი თავდასხმისთვის.
„მკვლელებისა და მატყუარების ქვეყნიდან ეს ახალი არ არის“, - თქვა სადოვიმ.