პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მთავრობის საგანგებო სხდომამდე განაცხადა, რომ რუსული დრონები პირველად ჩამოაგდეს ნატო-ს ტერიტორიაზე, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსული დრონები ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ჩვენი ყველა მოკავშირე სიტუაციას ძალიან სერიოზულად უყურებს,“ - განაცხადა ტუსკმა.
მან აღნიშნა, რომ პოლონეთის ოთხი აეროპორტის დახურვა თავდასხმის საფრთხით არ იყო გამოწვეული, არამედ იძულებითი იყო „პილოტების ოპერატიული საჭიროებების გამო“.
ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების ძებნა გრძელდება და აღნიშნა, რომ მასშტაბური პროვოკაცია მოხდა.
„სიტუაცია სერიოზულია. არავის ეპარება ეჭვი, რომ ჩვენ სხვადასხვა სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ. პირველი გამოცდა ჩაბარებულია. ასეთი შემთხვევისთვის მომზადებული გეგმები მუშაობს“, - თქვა მან.
ტუსკმა ასევე დაჟინებით განაცხადა, რომ „პანიკის საფუძველი არ არსებობს“.
„ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება. ჩვენ მოქალაქეებს ყველა მოვლენის შესახებ ვაცნობებთ. არ არსებობს არანაირი მიზეზი, შემოვიღოთ შეზღუდვები, რომლებიც მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას გაართულებს“, - თქვა მან.
ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მუდმივ კონტაქტზეა უმაღლეს სამხედრო სარდლობასთან და პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან.