ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აღნიშნა, რომ ძლიერი უკრაინული არმია ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გასაღებია. მისივე თქმით, რუსეთი არ ავლენს ომის დასრულების სურვილს და აგრძელებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებს.
„აშკარაა, რომ რუსეთი არ ამჟღავნებს რაიმე რეალურ სურვილს, დაასრულოს ეს ომი და გუშინ ღამითაც ჩვენ ვიხილეთ მეტი დარტყმა უკრაინაში, ამიტომ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამის შედეგებს.
ევროპისთვის ეს მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: უკრაინისთვის მეტ სამხედრო, დიპლომატიურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ძლიერი უკრაინული არმია უსაფრთხოების საიმედო გარანტი იქნება და სწორედ ამიტომ ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინას წვრთნებით, დაფინანსებითა და აღჭურვილობით“, - აღნიშნა კალასმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლელი ლიდერების დიპლომატიური ინიციატივების ფონზე, ავტოკრატიული ალიანსი ახალი მსოფლიო წესრიგისკენ სწრაფ გზას ეძებს.
„როდესაც დღეს პრეზიდენტ სი ძინპინს რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და პეკინის ლიდერებთან ერთად ვხედავთ, ეს მხოლოდ ანტიდასავლური დემონსტრაცია არ არის. ეს პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისთვის. და ეს მხოლოდ სიმბოლური არ არის. რუსეთის ომს უკრაინაში ჩინეთი უჭერს მხარს. ეს არის რეალობა, რომელსაც ევროპა უნდა შეხვდეს“, - დასძინა მან.