ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთი, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დათანხმებით, ცდილობს თავი აარიდოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ სანქციებს და არ შეწყვეტს ომს უკრაინაში მანამდე, ვიდრე შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლას არ იგრძნობს.
როგორც კალასის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობის შეცვლა შესაძლებელია აშშ-ის პრეზიდენტის ზეწოლით, რადგან რუსეთი დათანხმდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს აშშ-ის სანქციების თავიდან ასაცილებლად.
„მოსკოვი იმედოვნებს, რომ დიალოგის შესახებ მისი წინადადება ხელს შეუწყობს აშშ-ის სანქციების თავიდან აცილებას. თუმცა, რუსეთის მიერ დაპირებებისა და ხელშეკრულებების შეუსრულებლობის ისტორიამ ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ღრმა უნდობლობა გამოიწვია“, - ნათქვამია განცხადებაში.
კალასმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით უფრო მკაცრი გახდა“.
„აშშ-ის მოსკოვზე ზეწოლამ შესაძლოა ამ ომის მიმდინარეობა შეცვალოს. მოსკოვი არ გაჩერდება, თუ არ იგრძნობს, რომ გაგრძელება არ შეუძლია“, - განაცხადა კალასმა.