აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტს“ მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა (აქედან 168 რესპუბლიკური და 181 დემოკრატიული პარტიის წევრმა), დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა (აქედან 38 რესპუბლიკური და 4 დემოკრატიული პარტიის წევრმა) მისცა.
„MEGOBARI აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. ასევე მოიცავს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვის პროცესის დაწყებას.
ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.