გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა, რომელიც მალე ქვეყნის ახალი კანცლერი გახდება, ფრთხილი შეფასება გააკეთა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის შესაძლებლობაზე. იუწყება Spiegel
მერცმა განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ „ყურადღებით უნდა გააანალიზოს“ კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ანგარიში, რომელშიც პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ პარტიად არის გამოცხადებული.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერის თქმით, მას არ სურს „რეკომენდაციების მიცემა მთავრობის მიერ შემდგომ დასკვნებთან დაკავშირებით“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნამდე და დასძინა, რომ თავად ანგარიშს ჯერ არ გაცნობია.
„ეს სწორია, რომ მე მას არ ვიცნობ, რადგან ეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ უწყებას შორის შიდა პროცედურაა“, - აღნიშნა მან.
მერცმა აღნიშნა, რომ ანალიზის შემდეგ შესაძლებელი იქნება „პირველი დასკვნების გამოტანა“.
შეგახსენებთ, 2 მაისს გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა უწყებამ, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ პარტიად გამოაცხადა.
ანგარიში 1 100-ზე მეტ გვერდს მოიცავს. კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის ცნობით, ანგარიში შეიცავს მრავალ მტკიცებულებას, რაც ადასტურებს პარტიის ანტიკონსტიტუციურ ხასიათს. ეს არ ნიშნავს, რომ პარტია აკრძალულია, თუმცა სამსახურებს ზედამხედველობის მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს მასზე, რაც შესაძლებელს ხდის შეხვედრების დაკვირვებასა და ტელეფონების მოსმენას.