ქართველი ხალხი 150 დღეზე მეტია, აპროტესტებს და დღესაც აგრძელებს პროტესტს, ისინი ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, – ამის შესახებ დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ განხილვაზე განაცხადა.
„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ხნის მეგობარია. საქართველოში არჩევნების დროს ვიყავი დაახლოებით 12 წლის წინ, როდესაც აირჩიეს „ქართული ოცნება“, მაგრამ, „ქართული ოცნება“ გადაიქცა ქართულ კოშმარად. ამერიკაში კინგს ჰქონდა ოცნება, რომელიც ახლაც ცოცხლობს, მაგრამ საქართველოში ოცნება აღარ არის ცოცხალი და ამ ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან უფრო აახლოებს. არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ პარტიამ, რომელსაც ივანიშვილი უდგას სათავეში, გააყალბა 2024 წლის არჩევნები. მათ ნამდვილად გააყალბეს ის იმ სიტუაციაში და მას შემდეგ მასობრივი პროტესტებია. ყოველ კვირას საქართველოში არის მასობრივი პროტესტი, სადაც თავისუფლებისა და უფლებების წართმევას აპროტესტებენ. „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეების წინააღმდეგ მოაწყო რეპრესიები, მათ შორის, აკრძალა სიტყვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში, გამოიყენა ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ და ბოროტად გამოიყენა სასამართლო, რათა არასამართლიანად დაეპატიმრებინა და ბრალი წაეყენებინა აქციის მონაწილეებისთვის. ქართველი ხალხი 150 დღეზე მეტია, აპროტესტებს და დღესაც აგრძელებს პროტესტს. ისინი ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“, – განაცხადა სტივ კოენმა.
მისი თქმით, აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს თავისუფლებას საქართველოში და ეს არც ახლა შეცვლილა.
„ვამაყობ, რომ ვარ „მეგობარი აქტის“ წარმდგენი დემოკრატი, ჩემს მეგობარ ჯო ვილსონთან ერთად. ეს აქტი შეაფასებს „ქართული ოცნების“ ყველა მაღალჩინოსანს სანქციებისთვის. თუ აღმოჩნდება, რომ მათ ძირი გამოუთხარეს ქართულ დემოკრატიას, ჩართულები იყვნენ კორუფციაში, მათ სანქციები დაუწესდებათ. ის ასევე ქმნის ანგარიშს საქართველოში რუსული სადაზვერვო აქტივების შესახებ და რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს. რაც ხდება, არის ფაქტობრივად რევოლუცია, სადაც ივანიშვილი, რომელიც მართავს პარტიას და აქვს ინვესტიციები რუსეთში, ცდილობს მათ რუსეთთან და პუტინთან დაახლოებას. ბოლოს, კანონპროექტი ითვალისწინებს უფრო ძლიერ აშშ-საქართველოს ურთიერთობას, როდესაც საქართველო დაუბრუნდება თავის ტრადიციულ ევროატლანტიკურ გზას, რომელიც გათვალისწინებულია მისი კონსტიტუციით და მოთხოვნილია მისი ხალხის მიერ“, – აღნიშნა სტივ კოენმა.