რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax-ის ცნობით, ლავროვმა ამის შესახებ ბელარუსის ქალაქ გომელში, რუსეთისა და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების არ უნდა ეშინოდეთ“, --განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ეს პრაგმატული მიდგომაა, რომელიც როგორც ქართველი ხალხის, ისე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ინტერესებს შეესაბამება.
ლავროვმა ამით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადება შეაფასა. ბოჭორიშვილმა მანამდე აღნიშნა, რომ რუსეთთან საუბრის არ უნდა ეშინოდეთ და არსებული პრობლემების გადასაჭრელად დიალოგი აუცილებელია.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი შეხვდნენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირდაპირ დიალოგს ახალი ფორმატით რეგულარული ხასიათი ექნება.