უკრაინის თავდაცვის ძალებმა 24 ნოემბერს და 25 ნოემბრის ღამეს რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ „სავასლეიკაზე“ იერიში მიიტანეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენშტაბის ინფორმაციით, აეროდრომი რუსეთის სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. სწორედ „სავასლეიკადან“ ფრინდებიან „კინჟალის“ ტიპის რაკეტების მატარებელი თვითმფრინავები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის იყენებს.
უკრაინული მხარის წინასწარი მონაცემებით, დარტყმის შედეგად დაზიანებულია MiG-31 ტიპის სამი და Su-34 ტიპის ორი რუსული თვითმფრინავი.
გენშტაბის განცხადებით, დაზიანებული თვითმფრინავები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფრენას ვერ შეძლებენ.
„დაზიანების ხარისხი და თვითმფრინავების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. შესაძლოა, კიდევ უფრო კარგი ამბები იყოს“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.