პოლონეთი რუსეთის ელჩის გაძევების შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ აპირებს, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
პოლონეთის რადიოს ეთერში საუბრისას სიკორსკიმ დაადასტურა, რომ რუსეთის ელჩის გაძევება ვარშავის ერთ-ერთი შესაძლო დიპლომატიური ნაბიჯია, პოლონეთის საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევების საპასუხოდ.
მისი თქმით, პოლონეთი ამ გადაწყვეტილების მიღებას ჯერჯერობით არ აპირებს, რადგან მოსკოვმა შესაძლოა საპასუხოდ პოლონელი დიპლომატიც გააძევოს.
„ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთი გონს მოეგება, შეწყვეტს მეზობლებზე თავდასხმას და ამ სახელმწიფო ტერორიზმის ესკალაციას“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიკორსკის განცხადება პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის რაკეტების შეჭრას უკავშირდება. 20 ნოემბერს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს პოლონეთის ტერიტორიაზე სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა Х-101 ჩამოვარდა. 24 ნოემბერს პოლონეთის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი დაიბარა და მას საპროტესტო ნოტა გადასცა.