უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ლიბიის წყლებში, ბენღაზის პორტში, რუსულ სამხედრო ხომალდსა და სატვირთო გემზე უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმა თავდაცვის ლეგიტიმურ აქტად შეაფასა.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
სიბიჰას თქმით, გაერო-ს წესდების 51-ე მუხლი უკრაინის თავდაცვის უფლებას ითვალისწინებს და რუსეთის სამხედრო ხომალდები, ისევე როგორც სამხედრო ტექნიკის გადამზიდავი სატვირთო გემები, ლეგიტიმური სამიზნეებია.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ლიბიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს და მისი მოქმედებები ლიბიის ან მისი მოსახლეობის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
„უკრაინა არავის ითრევს ომში და ომს სხვა ტერიტორიებზე არ ავრცელებს. საერთაშორისო სამართალი თავდაცვის უფლებას მხოლოდ იმ ტერიტორიით არ ზღუდავს, სადაც აგრესია ხორციელდება. თავდაცვის უფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ისე საერთაშორისო წყლებში“, - განაცხადა სიბიჰამ.
მისი თქმით, მესამე ქვეყნებს საფრთხეს თავად რუსეთი უქმნის, რადგან სამხედრო მიზნებისთვის სხვა ქვეყნების სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იყენებს.
Reuters-ის ცნობით, უკრაინული ოპერაციის შედეგად ბენღაზის პორტში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კორვეტი „მერკური“ ჩაიძირა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე დაადასტურა, რომ უკრაინამ ასევე შეუტია რუსულ სატვირთო გემ MV Angara-ს, რომელსაც, მისი თქმით, რუსეთი იარაღის გადასაზიდად იყენებდა.
თავდასხმას ლიბიის ტრიპოლიში დაფუძნებული ეროვნული ერთიანობის მთავრობა გამოეხმაურა და უკრაინის სამხედრო ოპერაცია დაგმო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიბია რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევას არ აპირებს.
ამასთან, ლიბიის აღმოსავლეთში მოქმედი სამხედრო ძალების სარდლობის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მიღებული დაზიანებებით ორი ლიბიელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. აღმოსავლეთ ლიბიის ხელისუფლებამ გაერო-ს თავდასხმის გარემოებების გამოძიებაც სთხოვა.