ევროკომისია ევროკავშირის მოქალაქეებისთვის რუსულ კომპანიებში ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების აკრძალვის ინიციატივით გამოდის.
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირის მოქალაქეებისთვის რუსეთში მოქმედი კომპანიების მმართველ ორგანოებში თანამდებობების დაკავების აკრძალვა წარადგინა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს ინიციატივა 23 ნოემბერს სანქციების ახალი პაკეტის წარდგენისას დააანონსა.
მისი თქმით, ევროპელებს რუსეთის კომპანიების მმართველ ორგანოებში თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა აღარ უნდა ჰქონდეთ, რადგან რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩვეულ რეჟიმში საქმიანობის გაგრძელება დაუშვებელია.
ევროკომისიის განმარტებით, ეს ზომა მიზნად ისახავს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შემდგომ შეზღუდვას და იმ ევროპელების საქმიანობის აღკვეთას, რომლებიც რუსულ კომპანიებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს დაახლოებით 60 რუსული ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან გათიშვას, კრიპტოვალუტის პლატფორმებისა და საგადახდო ქსელების წინააღმდეგ შეზღუდვების გამკაცრებას, ასევე რუსული ელექტროენერგეტიკული კომპანიების დასანქცირებას.
გარდა ამისა, ევროკომისია გეგმავს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 70-ზე მეტი გემის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და იმ რუსი ყოფილი მებრძოლებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.
სანქციების 22-ე პაკეტი ჯერ შეთავაზების ეტაპზეა. მის ამოქმედებას ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. ევროკომისია ახალი შეზღუდვების წლის ბოლომდე დამტკიცებას გეგმავს.