საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართული პროდუქცია ისეთ პოლიტიკურ ბაზარზე არასდროს იქნება დამოკიდებული, როგორიც რუსული ბაზარია.
სააკაშვილის პოზიცია, რუსულ ბაზარზე რუსეთ-ბელორუსი-ყაზახეთის საბაჟო კავშირის ჩამოყალიბების შემდეგ ქართული პროდუქციის შესაძლო დაბრუნების შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაჟღერა.
"პრეზიდენტს განცხადებით, შესაძლოა რუსეთმა ყაზახეთის და ბელორუსის გამო ქართულ პროდუქციაზე გარკვეული შეზღუდვები მართლაც მოხსნას, თუმცა ქართული წამოება ერთ კონკრეტულ ბაზარზე, თუნდაც, რუსულზე არასდროს იქნება დამოკიდებული, მითუმეტეს ისეთ პოლიტიკურ ბაზარზე როგორიც რუსეთია. ამასთან, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კრემლი ენბარგოს გააუქმებს თუ არა, ამის მიუხედავად ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე მაინც დაბრუნდება", - აღნიშნა მანჯგალაძე.
მისივე თქმით, ქართულ პროდუქციაზე ენბარგოს დადებით ქართული ეკონომიკის ჩამოშლას ვერ მიაღწევენ.
"მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით ქართული პროდუქციის ექსპორტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 50%-ზე მეტით არის გაზრდილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. საქართველოს ხელისუფლებამ შესძლოს ქართული წარმოების ახლა ბაზრებზე გატანა და მთავრობა მა კუთხით მუშაობას კვლავ აგრძელებს", - აღნიშნა მანჯგალაძემ.