სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკის განცხადებით, მისი ვიზიტი საქართველოს-სლოვაკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სასტუმრო "რედისონში" ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმის დაწყების წინ განაცხადა.
"სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი ინტენსიური გავხადოთYდა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ სლოვაკეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეს მხარს უჭერს", - განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკმა.
მისივე თქმით, აუცილებელია საქართველო-სლოვაკეთს შორის ეკონომიკური თანაშრომლობა გაღრმავდეს.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, სლოვაკი ბიზნესმენები სოფლის მეურნეობის და სამშენებლო სექტორით დაინტერესდნენ.
სასტუმრო "რედისონში" ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიების მონაწილე საქმიანი წრეების წარმომადგენლებისთვის საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების თაობაზე პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ირაკლი მატკავა გამართავს. ფორუმის დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია სლოვაკეთის ინვესტირებისა და ვაჭრობის სააგენტოს სტრატეგიისა და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრ შკურლას გამოსვლა.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართება ქართველი და სლოვაკი ბიზნესმენების პირისპირ შეხვედრები.
ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სლოვაკ ბიზნესმენთა დელეგაცია გუშინ ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სამშენებლო, მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკული, სატელეკომუნიკაციო, სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორებში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები.