გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ აბასთუმანში აგვისტოს თვეში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით განახორციელა. ავტომატური სადგური 24 საათის განმავლობაში განთავსებული იყო სპეციალისტების მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე. მობილური სადგურის საშუალებით ჰაერში უწყვეტ რეჟიმში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველობა გაიზომა, მათ შორის, მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5), გოგირდისა და აზოტის დიოქსიდების, აზოტის ოქსიდის და სხვა. გაზომვების შედეგად აბასთუმანში ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა და როგორც საქართველოს, აგრეთვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებზე გადაჭარბება არ აღინიშნა. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს მობილური ავტომატური სადგურით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით, მსგავი დაკვირვებები მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება ასევე აბასთუმანშიც. ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაცია განთავსდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს კვლევების შედეგად მიღებულ მონაცემებს.