შაბათს, 28 ივნისს, ბუდაპეშტის ცენტრალურ ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ყოველწლიურ ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობაზე, პოლიციის ოფიციალური აკრძალვისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
პრაიდის აღლუმის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ წელს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.
„ჩვენი შეფასებით, 180 000-დან 200 000-მდე ადამიანი გამოვიდა“, - განუცხადა AFP-ს ბუდაპეშტის პრაიდის პრეზიდენტმა ვიქტორია რადვანიმ და აღნიშნა, რომ ზუსტი შეფასების გაკეთება რთულია, „რადგან ბუდაპეშტის პრაიდზე ამდენი ადამიანი არასდროს ყოფილა“.
ქვეყნის კონსერვატიულმა ხელისუფლებამ მაისში მიიღო კანონი „ბავშვთა დაცვის შესახებ“, რომელიც პრაიდის ღონისძიებების ჩატარებას კრძალავს. კანონი აგრეთვე უფლებას აძლევს პოლიციას გამოიყენოს სახის ამომცნობი კამერები, რათა მარშში მონაწილეების იდენტიფიცირება მოახდინოს.
კანონის თანახმად, პირები, რომლებიც მარშს მოაწყობენ, დაჯარიმდებიან.
ახალ კანონზე დაყრდნობით, პოლიციამ აკრძალა პრაიდი, თუმცა ბუდაპეშტის ოპოზიციონერმა მერმა, გერგელი კარაჩონიმ, განაცხადა, რომ ღონისძიებას მერია ორგანიზებას გაუწევდა, როგორც მუნიციპალურ ღონისძიებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის პოლიციის თანხმობა არ იქნებოდა საჭირო. მისი თქმით, მონაწილეებს სანქციები არ დაეკისრებათ.