სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას განმარტებით, წელს სახელმწიფო სუბსიდია ე.წ. კონდიცირებულ, ხარისხიან 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 40 თეთრს შეადგენს, ხოლო 1 კგ საფერავზე სუბსიდია 25 თეთრია. როგორც მინისტრმა განმარტა, 1 ლარად ან 1 ლარზე მეტ ფასად ყურძნის შესყიდვისას, ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის შეღავათიანი აგროსესხების გაცემა და 15 თვიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი 12%- 15% -ია. საიდანაც 9%-ს სახელმწიფო დაფარავს.
მინისტრის თქმით, „რთველი 2013" -ის დროს აღარ ხორციელდება ყურძნის ფასის ხელოვნური ზრდა, სახელმწიფო აღარ არის კერძო სექტორის კონკურენტი, არ ხდება მცირე და დიდი ვენახების დიფერენცირება.
2013 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, ყურძნის სავარაუდო შესყიდვაზე განაცხადის ფორმა წარმოადგინა 85 კომპანიამ; ხელშეკრულება სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული აქვს 34 კომპანიას; 2013 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ყურძენი 32 კომპანიამ გადაამუშავა.
2013 წლის იანვარი - 5 სექტემბრის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი 42 ქვეყანაში განხორციელდა და 22,243974 მლნ. ბოთლს მიაღწია, აქედან, 7 მლნ. ბოთლი ღვინო რუსეთში გაიგზავნა.