ლეიბორისტული პარტიის ინფორმაციით, საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის სამხრეთ ამერიკის 7 სახელმწიფო ემზადება.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს სახელმწიფოები კუბა, ბოლივია, ეკვადორი, დომენიკი, ჰონდურასი, ანტიგუა და სან-ვინსენტი და გრენადა არიან.
ამასთან, შატბერაშვილის აზრით, "იმისთვის, რომ ეს დამანგრეველი პროცესი შეწყდეს, საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა მთავრობამ, ნაცვლად ჰოლივუდური ბლოკბასტერების გადაღებების დაფინანსებისა სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოებთან აქტიური მუშაობა უნდა დაიწყონ და არსებული დიპლომატიური დეფიციტი აღმოფხვრან".
"დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე არცერთ სახელმწიფოში ქართული საელჩო არ არსებობს. ამიტომ დროა, ჩვენმა მთავრობამ ჰოლივუდური ბლოკბასტერების გადაღებების დაფინანსების ნაცვლად სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოებთან აქტიური მუშაობა დაიწყოს. სხვათაშორის, მიხეილ სააკაშვილმა მასზე გადასაღები ფილმის რეჟისორს რენი ჰარლინსა და მთავარი როლის შემსრულებელ ენდი გარსიას 100 მილიონი დოლარი გადაუხადა. ეს ამბავი დანამდვილებით ვიცით. ეს ფული სააკაშვილმა ბიუჯეტიდან ამოიღო", - განაცხადა იოსებ შატბერაშვილმა.
მისივე თქმით, იგივე საფრთხე ბელორუსისა და უკრაინის შემთხვევაშიც არსებობს, რაზეც მინიშნებები ორივე სახელმწიფოს მხრიდან დაფიქსირდა.
შატბერაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა, იანუკოვიჩმა გააკეთა განცხადება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინის პრეზიდენტი გახდება, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადებს.